ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა
15 ივლისი 2019
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს გამართულ ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტით განსაზღვრულ ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სანიტარული ზედამხედველობისა და ეპიდსიტუაციების მართვის პროგრამებში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
ბათუმის მერიის ჯამრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის სოფო მიქელაძის ინფორმაციით, საჭიროებებიდან გამომდინარე, ცვლილებები შედის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის რიგ პროგრამებში. კერძოდ:
C ჰეპატიტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მონიტორინგის თანადაფინანსების ქვეპროგრამაში, ცვლილებების შეტანა საჭირო გახდა ბენეფიციართა მოთხოვნილების გაზრდის გამო. დიაგნოსტიკა და მკურნალობის მონიტორინგის ღონისძიება 707 ერთეულიდან გაიზარდა 200 ერთეულით, შესაბამისად, ბიუჯეტიდან დაფინანსება გაიზარდა 19 000 ლარით;
მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების ქვეპროგრამის - ღვიძლის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პირთა დახმარების ღონისძიებაში, ბენეფიციართა მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, ემატება სამი ბენეფიციარი, შესაბამისად ბიუჯეტი იზრდება 90 000 ლარით;
ქვეპროგრამის მეორე ღონისძიებას - ბენეფიციართა გეგმიური ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება - ბენეფიციართა რაოდენობის 100 ერთეულის ზრდის გამო, ემატება 45 ათასი ლარი;
რაც შეეხება ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების პრევენცია და რეაბილიტაციის ქვეპროგრამას, ვინაიდან ქ. ბათუმში დაბადებულ ახალშობილთა პირველად სქრინინგს მუკოვისციდოზზე 2019 წლის აპრილიდან ახორციელებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, ღონისძიებით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა შემცირდა 3894 ერთეულით, ხოლო ბიუჯეტი მცირდება 9 470 ლარით;
30 ერთეულითაა გაზრდილი მოთხოვნა ქ. ბათუმში რეგისტრირებულ 7 წლამდე ასაკის განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისთვის რეაბილიტაციის კურსის ჩატარების ღონისძიებაზე, თუმცა მისი განხორციელება შესაძლებელია ბიუჯეტის შეუცვლელად, შიდა რესურსის ხარჯზე.
ბენეფიციართა რაოდენობა 5 ერთეულით გაიზარდა, ასევე, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მიმართულებით, რის შედეგადაც ღონისძიების ბიუჯეტს ემატება 549 000 ლარი;
ასევე, ცვლილების მიხედვით, ქ. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება ავტომანქანების დაზღვევის თანხის გათვალისწინება 15 000 ლარის ოდენობით.
სოფო მიქელაძის ინფორმაციით, სოციალური მიმართულებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში კორექტირება შედის მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ზოგიერთ ღონისძიებაში ბენეფიციართა რაოდენობის ცვლილების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი საკითხის საკრებულოს მორიგ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს. სხდომას ბათუმის საკრებულოს ჯანმრთელობის და სოციალურ სააკითხთა კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ჭეიშვილი უძღვებოდა.
საკრებულოს მორიგი სხდომა ხვალ, 16 ივლისს, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1718
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები