ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ინფორმაცია პროექტის საჯარო განხილვის შესახებ
31 ივლისი 2019
 

2019 წლის 1-ელ აგვისტოს, 11 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლუკა ასათიანის სხდომათა დარბაზში გაიმართება „ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ („რივიერას“) პროექტის საჯარო განხილვა.

აღნიშნულ საკითხზე დადგენილების პროექტის მოსამზადებლად ადმინისტრაციული წარმოება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 16 ივლისს მიღებული განკარგულებით დაიწყო, რომლითაც ქალაქ ბათუმის მერიას დაევალა უზრუნველყოს დადგენილების პროექტის მომზადება და ბათუმის საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა. ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია შპს „ბათუმი-რივიერას“ მოთხოვნის საფუძველზე.
დადგენილების მომზადებისა და გამოცემის საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესების შესაბამისად, დადგენილების პროექტის თაობაზე მოსაზრებების წარდგენის ვადად, როგორც წესი, განისაზღვრა დადგენილების პროექტისა და ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 20 დღე. შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს მოსაზრებების წარდგენა შეუძლიათ მიმდინარე წლის 10 აგვისტომდე. მოსაზრებების წარდგენის ვადის დასრულებიდან 5 დღის ვადაში კი მერია გამართავს ზეპირ მოსმენას განსახილველ საკითხზე. საბოლოოდ რივიერას ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტზე ბათუმის საკრებულო იმსჯელებს, თუმცა მანამდე განსახილველ საკითხს კომპანიის, საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობით საჯაროდ განიხილავს.
შპს „ბათუმი-რივიერას“ წინადადება ითვალისწინებს მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას, რომელიც მოიცავს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს, სასტუმროებს, საზღვაო სანაოსნოსთან ინტეგრირებულ მრავალფუნქციურ კომპლექსს, იახტკლუბს, ხელოვნურ ლაგუნას, რესტორნებს, კონვენციის ცენტრს, კაზინოს, საცხოვრებელ და საზოგადოებრივ სივრცეებს. ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს დაიკავებს ხელოვნური ყურე, სადაც გათვალისწინებული იქნება ნავმისადგომი იახტებისთვის.

//ფორმატი//: პროექტის საჯარო განხილვაში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს. ფორმატით გათვალისწინებულია: კომპანია შპს „ბათუმი-რივიერას“ წარმომადგენლის მიერ პროექტის პრეზენტაცია (20 წუთი); საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოსაზრების წარდგენა (10 წუთი). საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს საკუთარი პოზიციების დასაფიქსირებლად მიეცემათ სამ-სამი წუთი, რისთვისაც, პროექტის საჯარო განხილვის კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართვის მიზნით, მონაწილეობის თაობაზე ინფორმაცია საკრებულოს საკონტაქტო პირს უნდა მიაწოდონ განხილვის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე მაინც.

მისამართი: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის 25. საკონტაქტო პირი: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი: ლელა ნემსაძე; მობ: 577 53 00 52.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1701
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები