ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
რიგგარეშე სხდომა ბათუმის საკრებულოში
30 აპრილი 2020
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა დღის წერიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილეს.

საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების საკითხს, რომელიც სხდომაზე ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ წარადგინა. ბათუმის მერის განცხადებით, ქალაქის გასული წლის ბიუჯეტი 95 %-ით შესრულდა - საანგარიშო პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა 173,971.5 ათასი ლარი, ფაქტიურმა შესრულებამ - 177,243.5 ათასი ლარი, ბიუჯეტის გადასახდელების დაზუსტებულმა გეგმამ - 182,496.3 ათასი ლარი, ფაქტობრივმა შესრულებამ კი - 172,591.5 ათასი ლარი. 2019 წელს პრიორიტეტული იყო ქალაქის განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსება. ქალაქში ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პარალელურად საბიუჯეტო დაფინანსების ძირითად პრიორიტეტს ასევე სკოლამდელი განათლების, კულტურისა და სპორტის სფერო და მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენდა.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ბათუმის მოსახლეობა სამი თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი) გათავისუფლდა დასუფთავების მოსაკრებლის გადასახადისაგან. აღნიშნული შეღავათი იმ ობიექტებსაც შეეხო, რომლებსაც კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შედეგად შეეზღუდათ საქმიანობა და რომლებიც ამ დროისთვის არ ფუნქციონირებენ და არ წარმოქმნიან ნარჩენებს. ობიექტები დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისგან საგანგებო მდგომარეობის პერიოდში არსებული შეზღუდვის დროით გათავისუფლდნენ.

საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა განკარგულების პროექტს, რომლის მიხედვითაც M2 და M3 კატეგორიის ავტობუსების ნებართვის მფლობელები ნებართვის გაცემის საფასურისგან თავისუფლდებიან. აღნიშნული შეღავათი იმოქმედებს მუნიციპალური ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის შეჩერების ვადით.
საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მერს ახალი კორონავირუსის (COVID-19) მიერ გამოწვეული ფორსმაჟორული გარემოების გამო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის, სარგებლობის/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლებისა და პრივატიზებული ან/და სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის შესრულებისათვის დამატებითი ვადის მიცემის საკითხთან დაკავშირებით.

საკრებულომ დაამტკიცა განკარგულების პროექტი, რომლის თანახმადაც შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების მიზნით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებ პირებთან, განხორციელდება გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სარგებლობის საფასურის (ქირა, საზღაური და სხვა) შემცირება.

სხდომაზე დამტკიცდა განკარგულების პროექტი, რომელიც ბათუმის ტერიტორიაზე გარევაჭრობის უფლების მქონე სუბიექტების ყოველთვიური თანხის გადახდისგან დროებით გათავისუფლებას ითვალისწინებს. აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება ბათუმის მერიის მიერ გაცემულ ნებართვებს და საქართველოს მთავრობის მიერ ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების მოქმედების განმავლობაში, ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების ვადით გაგრძელდება. აღნიშნული შეღავათის შესაბამისად, წლიურ საფასურს გამოაკლდება ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების პერიოდისთვის გადასახდელი თანხის ოდენობა თვეების გაანგარიშებით. სუბიექტებს, რომელთაც წინასწარ აქვთ გადახდილი გარევაჭრობის უფლების საფასური, ან ნაწილი, გადახდა ჩაეთვლებათ მიმდინარე წლის პირველი ივნისის შემდგომი თვეების ანგარიშში. გადახდილი საფასური არ ექვემდებარება დაბრუნებას იმ შემთხვევაში, თუ ვაჭრობის უფლება შეწყდება ვადაზე ადრე, უფლების ვადა ამოიწურება შესაბამისი პერიოდის გასვლამდე. პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდნენ ის სუბიექტები, რომელთაც პირგასამტეხლო მიმდინარე წლის პირველი მარტიდან პირველ ივნისამდე პერიოდზე დაეკისრათ, ან დაეკისრებოდათ.

საკრებულომ დაამტკიცა განკარგულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 21 ერთეული მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემას, შემდგომში მათი სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ საკუთრებაში გადასაცემისა და ახალი ელექტროგადამცემი ხაზის ანძების მშენებლობის მიზნით.

საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, დიმიტრი სვიშევსკის ქ. №80-ში მდებარე უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის საკითხს. განკარგულების მიღების მიზანს წარმოადგენდა ბათუმში ლაბორატორიულ-კვლევითი საქმიანობის წარმატებით განხორციელებასა და განვითარებაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისადმი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსადმი ხელშეწყობა.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ’’ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 თებერვლის N12 დადგენილებაში, ასევე, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში. საკრებულოს წევრთა უმრავლესობის მიერ მხარდაჭრილი იქნა საკითხი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკის (განაშენიანების რეგულირების გეგმის ზონირების ნაწილის) დამტკიცების თაობაზე.

საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, სხვადასხვა სახის ტექნიკური ცვლილებები შევიდა ბათუმის საკრებულოს რეგლამენტშიც, მათ შორის, ერთ-ერთი განხორციელებული ცვლილებით, ობიექტური გარემოებების არსებობისას, გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული საკითხების გადასაწყვეტად, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, დასაშვები გახდა საკრებულოს საქმიანობის განხორციელება დისტანციურად, სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.

სხდომას ესწრებოდნენ ქ. ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ვიცე-მერი ჯაბა ტუღუში, მერის მოადგილეები, თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლები.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1922
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები