ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა
31 ივლისი 2020
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ხუთ საკითხზე იმსჯელეს.

საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს დადგენილების პროექტს, რომელიც ქ. ბათუმში, ფალავანდიშვილის ქუჩის მონაკვეთის პუშკინის ქუჩიდან შევჩენკოს ქუჩამდე გაცალმხრივებას ითვალისწინებს. აღნიშნული მონაკვეთის გაცალმხრივების თაობაზე ფალავანდიშვილის ქუჩის მოსახლეობამ მერიას კოლექტიურად მიმართა. სხდომაზე აღინიშნა, რომ „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე (ფალავანდიშვილის ქუჩა) საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“ საკრებულოს დადგენილებაში შესატანი ცვლილებები შემუშავდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოდან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე.

საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს იმ ცვლილებების შესახებ, რომელთა შეტანაც იგეგმება „შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ბალანსზე რიცხულ ავტობუსებზე/ავტობუსებში რეკლამის განთავსების უფლების ვადიან სასყიდლიან სარგებლობაში სააუქციონო პირობებით გადაცემის შესახებ წინადადების მოწონების შესახებ“ საკრებულოს 2019 წლის 28 ნოემბრის N87 განკარგულებაში და მხარი დაუჭირეს მას.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ტექნიკური ხარვეზი გასწორდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკაში (განაშენიანების რეგულირების გეგმის ზონირების ნაწილი), ასევე, მხარი დაუჭირეს ბათუმის ცენტრალურ პარკში ფოსტის მონუმენტის განთავსებას.

ცვლილება შევიდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ახალი კორონავირუსის (COVID-19) მიერ გამოწვეული შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 აპრილის №21 განკარგულებაში, რომლითაც ქონებით სარგებლობის უფლებით მიმღებ პირებს განემარტათ, რომ საჭიროა მათი, როგორც დაინტერესებული პირების მოთხოვნა, ქალაქ ბათუმის მერიაში წარდგენილ იქნას 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ასეთი განცხადების არ არსებობა განიხილება ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებისადმი მისადაგებაზე უარის თქმად და სახელშეკრულებო ურთიერთობები გაგრძელდება არსებული პირობებით.

სხდომას ესწრებოდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი, თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1738
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები