ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა
22 დეკემბერი 2020
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა სხომის დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.
კომისიამ იმსჯელა იმ ცვლილებებზე, რომელთა შეტანაც იგეგმება მიმდინარე წლის ბიუჯეტში. ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიიდან გამომდინარე და ბიუჯეტის ფაქტობრივი შესრულების მაჩვენებლების გათვალისწინებით, ცვლილება ხორციელდება მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების ცალკეულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში. ჯანდაცვის მიმართულებით კორექტივები შედის ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცის, შ.შ.მ. სტატუსის ბავშვთა და ვეტერანთა საკურორტო სამკურნალო-რეაბილიტაცის, ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენცია და რეაბილიტაციის, ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტთა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მატერიალური დახმარებისა და მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამების დაფინანსების ნაწილში. სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით ცვლილებები შეეხება კომუნალური მომსახურების საფასურის სუბსიდირების, მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფის, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერისა და მოწყვლადი სოციალური კატეგორიებისათვის მინიმალური სოციალური პირობების შექმნის პროგრამების დაფინანსებას. წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს რესურსების ისეთ ოპტიმალურ გადანაწილებას, რომელიც საბოლოო ჯამში გააუმჯობესებს ქ. ბათუმის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
კომისიამ იმსჯელა მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების თაობაზეც. განკარგულების პროექტის მიხედვით, მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ბინები, პროექტით განსაზღვრული პირობებით, გადაეცემათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ (რეგისტრი¬რე¬ბულ) ოჯახებს და იმ ოჯახებს, რომელთა ოჯახის უფროსი წევრებიდან (დედა ან/და მამა) ერთ-ერთი რეგისტრირებულია ქ. ბათუმში და რომლებსაც ჰყავთ 7 (შვიდი) და მეტი შვილი.
კომისიამ ასევე განიხილა, მრავალშვილიანი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ბინების საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის საკითხი. განკარგულების პროექტის მიხედვით, დაგეგმილია ოთხი ოჯახისთვის საცხოვრებელი ბინების გადაცემა.
კომისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.
სხდომას ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ჭეიშვილი უძღვებოდა.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ხვალ, 23 დეკემბერს, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 70
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები