ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა
28 ოქტომბერი 2022
 

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შვიდი საკითხი განიხილეს.
კომისიამ იმსჯელა მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტზე, რომლის მიხედვითაც ხორციელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლისათვის მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების და გასაწევი გადასახდელების ნუსხის დამტკიცება საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად, კერძოდ, ცვლილება შედის ბიუჯეტის შემოსულობებსა და ნაშთის ცვლილებაში, ასევე, გადასახდელებში ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის გადასახდელები იზრდება 1,500.0 ათასი ლარით.
კომისიამ, ასევე განიხილა დადგენილებით განსაზღვრული "ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ" პირობებში ცვლილების შეტანის საკითხი. პროექტის მიხედვით, აღნიშნული დადგენილების საფუძველზე, მუნიციპალურ ტრანსპორტში ელექტრონული საგადახდე სისტემის ორგანიზება ხორციელდება კონტრაქტორი კომპანიის "მეტრო სერვის+"-ის მიერ, ამასთანავე, დღემდე ავტობუსში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ბანკის და მისი შვილობილი კომპანიის "მეტრო სერვის +"-ის მიერ გაცემული პლასტიკური ბარათების მეშვეობით. სისტემის გაუმჯობესების მიზნით ინერგება ახალი საგადახდე სისტემა, რომელიც გულისხმობს ნებისმიერი ტიპის საბანკო ბარათით (VISA, MASTERCARD) მგზავრობისთვის განკუთვნილი საფასურის გადახდას. ასევე ხორციელდება ავტობუსებში ვალიდატორების განახლება და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა. ცვლილებები შედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსების სამარშრუტო ხაზების სქემებშიც.
კომისიამ დღესვე, განიხილა საკითხი ველოგადაადგილების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ, რომელიც რეგიონული პროგრამის „მდგრადი ურბანული მობილურობა სამხრეთ კავკასიაში“ (Mobility4Cities) ფარგლებში შემუშავდა. აღნიშნული პროგრამა დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ და ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ). ბათუმის ველოგადაადგილების გენერალური გეგმა ითვალისწინებს ინტეგრირებული მიდგომების დანერგვას ბათუმის ველომეგობრულ ქალაქად ჩამოყალიბების მიმართულებით, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის (SUMP) განხორციელებას.
კომისიის წევრებმა განიხილეს „მუნიციპალიტეტის გარდაქმნის პორტფელის“ ფარგლებში გრანტის მიღებასა და ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის გაცემის საკითხიც. განკარგულების პროექტი ითვალისწინებს ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ფარგლებში გამოცხადებულ „მუნიციპალიტეტის გარდაქმნის პორტფელის“ კონკურსში 200 000 (ორასი ათასი) ევრომდე მოპოვებული გრანტის მიღებასა და შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემას.
კომისიამ განიხილა მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების საკითხი. კერძოდ, განკარგულების პროექტის მიხედვით, იგეგმება რუსთაველის ქ. N21-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე ბარაკული ტიპის ამორტიზირებული საცხოვრებელი ფართების სანაცვლოდ მრავალსართულიანი შენობის მშენებლობა, მაცხოვრებელთა სოციალური პირობების გაუმჯობესება და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში - ზღვისპირა პარკის მიმდებარედ არაესთეტიკური უსახური ობიექტების თანამედროვე არქიტექტურული ღირებულების მქონე შენობით ჩანაცვლება.
კომისიამ ასევე იმსჯელა ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქ. N88-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის მიზნით წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების თაობაზე. განკარგულების პროექტის მიხედვით, ინიციატორის მიერ, დასახელებული მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის მიზნით, მოთხოვნილია დადგენილი კ2 მაჩვენებლის გადამეტება, რაც წარმოადგენს საერთო ქალაქგეგმარებითი ხასიათის ცვლილებებს.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე მინდია გოგუაძე უძღვებოდა. საკრებულოს მორიგი სხდომა მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს 11:00 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 884
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები