ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა
29 მარტი 2023
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულში დღეს გამართულ საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე შვიდი საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ანგისის დასახლებაში მდებარე უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის შესახებ განკარგულების პროექტზე. პროექტის მიღებას საფუძვლად უდევს ,,სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის“ 2019 წლის 11 აპრილის N22 საოქმო გადაწყვეტილება და N15 რეკომენდაცია, რომლის შესაბამისადაც იგეგმება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ანგისის დასახლებაში მდებარე 204 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის N1 (ს.კ.05.32.13.507) კერძო საკუთრებაში გადაცემა.
კომისიამ განიხილა ქ. ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელი ხიდის მოსაწყობად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ხიდის საყრდენების განთავსების თაობაზე შპს „თაუერ ჯგუფი“-სათვის თანხმობის მიცემის საკითხი. განკარგულების პროექტი ითვალისწინებს მდ. ბარცხანას და მდ. ყოროლისწყალს შორის მდებარე 27046,0 კვმ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 05.30.37.035) ნაწილზე - 61,0 კვმ-ზე და ქ. ბათუმში, ქუჩა ნაწილი N4-ში მდებარე 32163,0 კვმ მიწის ნაკვეთის (ს/კ 05.30.20.006) ნაწილზე - 5,0 კვმ-ზე ხიდის საყრდენების განთავსებას შემდეგი პირობებით: გადასასვლელი ხიდი უნდა იყოს სრულიად ადაპტირებული შშმ პირთათვის; ხიდით შეუფერხებლად სარგებლობა უნდა შეეძლოს ნებისმიერ პირს. გადასასვლელი ხიდის მოწყობის სამუშაოები უნდა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების დაცვით და უნდა დასრულდეს მშენებლობის ნებართვის მიღებიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში.
სხდომაზე განიხილეს განკარგულების პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქ. ბათუმის №1 პოლიკლინიკისათვის“ უზუფრუქტის უფლებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტის მიხედვით, იგეგმება შპს „ქ. ბათუმის №1 პოლიკლინიკისთვის“ 5 (ხუთი) წლის ვადით, უზუფრუქტის უფლებით სასყიდლიან სარგებლობაში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, აეროპორტის გზატკეცილი №55-ში მდებარე 572,00 კვმ მიწის ნაკვეთზე განთავსებული 426,40 კვმ შენობა-ნაგებობიდან პირველ სართულზე არსებული 292,00 კვმ ფართისა (ს/კ №05.32.01.628) და ასევე, ქ. ბათუმში, აფსაროსის გზატკეცილი №24-ში მდებარე 578,00 კვმ მიწის ნაკვეთზე განთავსებული №1 შენობის 1 სართულზე არსებული 192,66 კვმ ფართის (ს/კ №05.36.24.309.01.500) სარგებლობაში გადაცემა. განკარგულების პროექტის მიხედვით, მითითებული უძრავი ქონების (ორი ობიექტი) წლიური სარგებლობის საფასური (სიმბოლური) განსაზღვრულია 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრის თაობაზე. განკარგულების პროექტის მიხედვით, მიწის ნაკვეთის წლიური სარგებლობის საფასურის განისაზღვრის დროს გამოყენებული იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა №000959223, 10.02.2023 წ. დასკვნის შესაბამისად, 05.21.21.014 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1790.00 კვ/მ მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო ღირებულება შეადგენს 3694676,0 ლარს, 1 კვ/მ მიწის საბაზრო ღირებულება – 2064,06 ლარს, საიჯარო ქირა 5% - 103,20 ლარს; საბოლოოდ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია 1 კვ/მ მიწის წლიური საიჯარო ქირა განისაზღვროს არანაკლებ 5%-სა - 105,0 ლარით.
კომისიამ განიხილა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა მახინჯაურში მდებარე N8 ბინის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის საკითხი. პროექტის მიღებას საფუძვლად უდევს ,,სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის“ რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც იგეგმება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა მახინჯაურში, მე-2 სართულზე, ბინა N8-ში მდებარე 24,34 კვ.მეტრი საცხოვრებელი ფართის (საკადასტრო კოდი: 05.34.23.495.01.008) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემა იქ მცხოვრებ ფიზიკურ პირებზე საკუთრებაში გადასაცემად.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს ქალაქ ბათუმში, ე.წ. შანხაის დასახლებასა და სელიმ ხიმშიაშვილის ქ. №94-96-ის მიმდებარედ ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების მიზნით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის საჭიროებიდან გამომდინარე აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების პროგრამული ღონისძიების (ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების გეგმის) განსაზღვრის თაობაზე. აღნიშნული განკარგულების პროექტის მიღების მიზანს ავარიული პროგრამის ფარგლებში ავარიულ საცხოვრებელ სახლებში ბინათმესაკუთრეთა საცხოვრისის გაუმჯობესების მიზნით ახალი ბინებით ჩანაცვლება და ქირის საკომპენსაციო თანხებით უზრუნველყოფა წარმოადგენს.
 კომისიამ ასევე განიხილა საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, აღნიშნული წესით მოქმედების პერიოდში გამოიკვეთა რიგი საკითხები, რომელიც საჭიროებს დამატებითი პირობების განსაზღვრას და შესაბამისად, მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის №გ-15.15221684 განკარგულებაში და განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დამტკიცებული დანართი №1 და დანართი №2 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით.
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.
საკრებულოს მორიგი სხდომა ხვალ, 30 მარტს, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 740
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები