ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს მორიგი სხდომა
28 აპრილი 2023
 

ბათუმის საკრებულოს მორიგ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები:
საკრებულომ დაამტკიცა ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში. საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები შემოსულობების ნაწილში შესრულდა 100 პროცენტით, ხოლო გადასახდელების ნაწილში – 83,9 პროცენტით. ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა 266 189,4 ათასი ლარი, ფაქტობრივმა შესრულებამ კი – 266 134,2 ათასი ლარი. ბიუჯეტის გადასახდელების დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა 293 999,2 ათასი ლარი, ფაქტობრივმა შესრულებამ – 246 557,3 ათასი ლარი. 2022 წელს პრიორიტეტული იყო ქალაქის განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსება და მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. რეგლამენტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წინა წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს საკრებულო პირველ მაისამდე ამტკიცებს.
საკრებულომ ცვლილებები შეიტანა მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტში, რომლის შესაბამისადაც ბათუმის 2023 წლის საბიუჯეტო ასიგნებები 20 მლნ ლარით გაიზარდა. ცვლილების მიხედვით, ნამატი თანხა, ძირითადად, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, გზების, ქუჩებისა და ტროტუარების მოვლა-პატრონობის სამუშაოების, სტიქიური მოვლენების დროს დაზარალებულ პირთა დახმარების, ჯანდაცვის, სოციალური პროგრამებისა და მონაწილეობითი ბიუჯეტით შერჩეული პროექტების დაფინანსებას მოხმარდება.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ბათუმში, ჭოროხის ქუჩის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის საკითხს. კერძოდ, აღნიშნული ტერიტორია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცა ,,ჭოროხის გზის“ (მახოს ხიდი - გონიოს ხიდი) საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების განხორციელების ხელშემწყობი კომისიის 2022 წლის 13 ოქტომბრის N11 საოქმო გადაწყვეტილების გათვალისწინებით.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცა ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული და მის საკუთრებაში არსებული, ,,ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ. N2-ში მდებარე შენობის დემონტაჟისა და სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობის“ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, შემდგომში მისი შპს ,,აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ საწესდებო კაპიტალში შეტანის მიზნით.
საკრებულომ თანხმობა მისცა შპს „ელთ ბილდინგს“ ქ. ბათუმში, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის მშენებლობისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ხიდის საყრდენების განთავსების თაობაზე (საუბარია ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის N17ა/19-ში მდებარე, N05.32.18.070 საკადასტრო კოდით კომპანიის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში N05.32.04.062 და N05.32.18.077 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებსა და სიტუაციურ გეგმაზე მითითებულ 37,0 კვ.მ. და 43,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე). აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მოსახლეობისა და ტურისტების გადაადგილების უსაფრთხო პირობების უზრუნველსაყოფად და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით. საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის საყრდენები აღნიშნულ ნაკვეთებზე განთავსდება შემდეგი პირობებით: ხიდი იქნება სრულიად ადაპტირებული შშმ პირთათვის; ხიდით შეუფერხებლად სარგებლობა შეეძლება ნებისმიერ პირს; საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის მოწყობის სამუშაოები განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების დაცვით და დასრულდება მშენებლობის ნებართვის მიღებიდან 9 თვის ვადაში.
საკრებულომ მხარი დაუჭირა ქალაქ ბათუმში, ე.წ. შანხაის დასახლებასა და სელიმ ხიმშიაშვილის ქ. №94-96-ის მიმდებარედ ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების მიზნით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის საჭიროებიდან გამომდინარე აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების პროგრამული ღონისძიების (ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების გეგმის) ახალი თანდართული რედაქციით ჩამოყალიბებას. ცვლილების მიღება განაპირობა საპროექტო ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი სახლის (05.29.24.035) მესაკუთრესთან - ლია სანაძესთან საცხოვრისის გაუმჯობესების თაობაზე (საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ ახალი ბინ(ებ)ით ჩანაცვლება) შეთანხმებამ და ქირისა და სარემონტო საკომპენსაციო თანხების განსაზღვრის საკითხმა.
საკრებულომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადასცა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა მახინჯაურში, მე-2 სართულზე, ბინა N8-ში მდებარე 24,34 კვ.მეტრი საცხოვრებელი ფართი (საკადასტრო კოდი: 05.34.23.495.01.008) შემდგომში მისი იქ მცხოვრებ ფიზიკურ პირებზე საკუთრებაში გადაცემის მიზნით. აღნიშნული ქონების გადაცემა განხორციელდა ,,სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის“ რეკომენდაციის საფუძველზე.
საკრებულომ განსაზღვრა ქ. ბათუმში გონიო-კვარიათის დასახლებაში არსებული ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის საწყისი წლიური სარგებლობის საფასური, რაც პლაჟის მონაკვეთების სხვადასხვა ლოკაციებზე მიწის ნაკვეთების სარგებლობაში გადაცემის საკითხს უკავშირდება. საკრებულოს გადაწყვეტილებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 20 აპრილის №002583123 დასკვნის თანახმად, ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთისს 1 კვ.მ-ის საწყისი წლიური სარგებლობის საფსური 35,0 ლარით განისაზღვრა.
საკრებულომ ცვლილება შეიტანა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით (ელექტროტრანსპორტით) გადაადგილების წესში. კერძოდ, აღნიშნული ცვლილებით დასაშვები ხდება ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის (ე.წ. ელექტრო სკუტერის) გადაადგილება ბათუმის ახალი ბულვარის მთელ ტერიტორიაზე, ხოლო ახალი ბულვარიდან დელფინარიუმის გასწვრივ მონაკვეთამდე არსებულ ველობილიკზე – მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით (ელექტროტრანსპორტით) გადაადგილება.
საკრებულომ განსაზღვრა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით განსაკარგი ქონებისა და მიწის საწყისი წლიური სარგებლობის საფასური (გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია). სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის დასკვნის თანახმად, მოძრავი ქონების სუვენირების ჯიხურის საწყისი წლიური სარგებლობის საფსური განისაზღვრა 155, 55 ლარის ოდენობით, ხოლო, 1 კვ/მ მიწის საწყისი წლიური სარგებლობის საფასური – 239,55 ლარით.
საკრებულომ ცვლილებები შეიტანა მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო უძრავი ობიექტების ნუსხასა და პრივატიზების გეგმაში, თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მერს ა(ა)იპ ,,ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“-ს პირგასამტეხლოსგან
გათავისუფლების თაობაზე, დაამტკიცა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგია (2023–2026) და სამოქმედო გეგმა, ასევე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს 2023–2024 წლების სამოქმედო გეგმა და ცვლილებით განსაზღვრა ამავე საბჭოს ახალი შემადგენლობა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 904
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები