ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
მორიგი სხდომა
19 დეკემბერი 2023
 

ბათუმის საკრებულომ დღევანდელ მორიგ სხდომაზე 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცებას წინ უსწრებდა ბათუმის მერის არჩილ ჩიქოვანის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა.
საკრებულოს სხდომა წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ რამაზ ჯინჭარაძემ გახსნა და საზოგადოებას ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა.
კანდიდატის სტატუსის მინიჭება მოსახლეობას ასევე მიულოცეს ქალაქ ბათუმის მერმა და საკრებულოს წევრებმა.
არჩილ ჩიქოვანმა ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა იმ ძირითად ღონისძიებებზე, რომლებიც ქალაქ ბათუმში მიმდინარე წელს განხორციელდა.
განცხადებების ბლოკის შემდეგ საკრებულომ სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ 31 საკითხზე მიიღო გადაწყვეტილება, მათ შორის, დაამტკიცა ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტი, რომლის მოცულობა 382,000.0 ათას ლარს შეადგენს.
საკრებულომ დაამტკიცა რამდენიმე საკითხი, რომლებიც ქალაქ ბათუმში, გარკვეულ ტერიტორიებზე, განაშენიანების დეტალური კონცეფციის, ასევე, განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავებას ითვალისწინებს.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელების მიზნით, ორი საკითხი დამტკიცდა საქართველოს კანონით ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების თაობაზე, ასევე მხარდაჭერილ იქნა ,,ავარიული სახლის ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდის შესახებ“ საკრებულოს განკარგულება.
დღესვე საკრებულომ ცვლილებებით დაამტკიცა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკა ( განაშენიანების რეგულირების გეგმის ზონირების ნაწილი), ასევე - თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ცენტრალურ პარკში ანრი ტაბაღუას პატივსაცემად ფუნქციონალური სკამი და მემორიალური ობიექტი (მოლბერტი) განთავსდება, ხოლო ქალაქ ბათუმში რუსთაველის ქუჩა N53ა-ში მდებარე სკვერში არჩილ აბაშიძის მემორიალური დაფა (სადგამით) დაიდგმება.
საკრებულომ დაამტკიცა მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოები და საშტატო ნუსხა, ასევე, ცვლილება შეიტანა ბათუმის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესში.
საკრებულომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული რამდენიმე ფართისა და გარკვეული მიწის ნაკვეთების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის საკითხზე, ცვლილებები შეიტანა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში, ასევე დაამტკიცა ქალაქ ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩის ფიროსმანის ქუჩამდე გაგრძელებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები.
საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მერს მრავალშვილიანი ოჯახისთვის საცხოვრებელი ბინის საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე.
საკრებულომ ძალადაკარგულად გამოაცხადა, მუნიციპალიტეტის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება, აღნიშნული სამსახურის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლასთან დაკავშირებით.
სხდომას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 483
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები