2025 წლის 19 ივნისს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი განიხილეს.
კომისიამ იმსჯელა მიმდინარე წლის დასაწყისში ქ. ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩის მონაკვეთსა (გრიბოედოვის ქუჩიდან 26 მაისის ქუჩის კვეთამდე) და გრიბოედოვის ქუჩის მონაკვეთზე (გორგილაძის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩის კვეთამდე) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის დაწესებული საცდელი ორმხრივი მოძრაობის შენარჩუნების საკითხზე. სხდომაზე აღინიშნა, რომ საცდელ პერიოდში ჭავჭავაძის ქუჩისა და გრიბოედოვის ქუჩის აღნიშნულმა მონაკვეთებმა უზრუნველყვეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადების გატარება, რაც იძლევა საფუძველს ცვლილებები განხორციელდეს შესაბამის სამართლებრივ აქტში, კერძოდ, „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის ზოგიერთ საავტომობილო გზაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“ საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის დადგენილებაში.
სხდომაზე განიხილეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – ანგისის ქუჩის I შესახვევში, საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტი. პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე და საცობის თავიდან აცილების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის იგეგმება ცალმხრივი მოძრაობის დაწესება ანგისის ქუჩის I შესახვევში, ანგისის ქუჩის გადასახვევიდან გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩამდე მონაკვეთში.
სხდომაზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე, კონკრეტულად ქალაქის ორ ლოკაციაზე, სევერიანე აჭარელის ქ. N1-სა და ნიკოლოზ გოგოლის ქ. N11-ში, ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხზე. მითითებულ ლოკაციებზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ კონსულტაციისთვის მიმართა სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს, საქართველოს ორგანულ კანონსა - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს მთავრობის „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებაში შესული ცვლილებების გათვალისწინებით. სხდომაზე აღინიშნა, რომ სააგენტოდან მიღებულია დადებითი პასუხი მითითებულ ლოკაციებზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს, ქალაქ ბათუმში, ანდრია პირველწოდებულის I ჩიხის №16ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. როგორც პროექტშია აღნიშნული, განაშენიანების დეტალური გეგმის ძალადაკარგულად გამოცხადებით ავტომატურად კარგავს ძალას მასში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება, ვინაიდან უქმდება სამართლებრივი საფუძველი.
სხდომაზე, ასევე, განიხილეს დადგენილების პროექტი, რომლითაც ქალაქ ბათუმში, რუსთაველის ქუჩის გაგრძელებაზე, შპს ,,ალიანს სიტის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გაცემულ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმაში ტექნიკური ხასიათის ცვლილება განხორციელდება.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს მორიგ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.
სხდომას ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიიის თავმჯდომარე მინდია გოგუაძე უძღვებოდა.
ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა ხვალ, 19 ივნისს, 11 საათზე გაიმართება.