2025 წლის 19 ივნისს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებები:
საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის ზოგიერთ საავტომობილო გზაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“ საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის დადგენილებაში. ცვლილების მიხედვით, მიმდინარე წლის დასაწყისში ქ. ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩის მონაკვეთზე, გრიბოედოვის ქუჩიდან 26 მაისის ქუჩის კვეთამდე და გრიბოედოვის ქუჩის მონაკვეთზე, გორგილაძის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩის კვეთამდე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის დაწესებული საცდელი ორმხრივი მოძრაობა შენარჩუნდება, ვინაიდან საცდელ პერიოდში ქუჩების აღნიშნულმა მონაკვეთებმა უზრუნველყვეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადების გატარება;
დღესვე საკრებულომ დაამტკიცა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – ანგისის ქუჩის I შესახვევში, საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“ საკრებულოს დადგენილება, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე და საცობის თავიდან აცილების მიზნით, ანგისის ქუჩის I შესახვევში, ანგისის ქუჩის გადასახვევიდან გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩამდე მონაკვეთში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება;
საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე, კონკრეტულად ქალაქის ორ ლოკაციაზე, სევერიანე აჭარელის ქ. N1-სა და ნიკოლოზ გოგოლის ქ. N11-ში, ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხს. გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოს ორგანულ კანონსა - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს მთავრობის „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებაში შესული ცვლილებების შესაბამისად და სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოდან მიღებული დადებითი პასუხის გათვალისწინებით;
საკრებულომ დაამტკიცა ქალაქ ბათუმში, გენერალ გიორგი კვინიტაძის ქუჩა №1-სა და №3-ში მდებარე ავარიული სახლის ადგილას აშენებულ შენობა-ნაგე¬ბობაში არსებული უძრავი ქონებების ავარიული საცხოვრებლის მესაკუთრეებისათვის გადაცემის და გაზრდილი ფართობის, რომელიც იზოლირებულია და შესაძლე-ბელია მისი დამოუკიდებლად ფუნქციონირება, ქალაქ ბათუმის მუნიციპა¬ლიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის საკითხი;
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ქალაქ ბათუმში, ე.წ. შანხაის დასახლებასა და სელიმ ხიმშიაშვილის ქ. №94-96-ის მიმდებარედ, ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების მიზნით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის საჭიროებიდან გამომდინარე, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების პროგრამული ღონისძიების (ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების გეგმის) შესაბამისად გადასაცემი ბინების თაობაზე არსებული დანართის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებას;
საკრებულომ დაამტკიცა ქ. ბათუმში, იოსებ გრიშაშვილის ქუჩა №9-სა და ქ. ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა №94-96-ში მდებარე ავარიული სახლის ადგილას აშენებულ შენობა-ნაგე¬ბობაში არსებული უძრავი ქონებების ავარიული საცხოვრებლის მესაკუთრეებისათვის გადაცემის და გაზრდილი ფართობის, რომელიც იზოლირებულია და შესაძლე¬ბელია მისი დამოუკიდებლად ფუნქციონირება, ქალაქ ბათუმის მუნიციპა¬ლიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის საკითხი;
საკრებულომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადასცა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ახალგაზრდობის ქუჩა N18-ში, 1 სართულზე მდებარე - N24ა, ქ. ბათუმში, მიხეილ ლერმონტოვის ქუჩა N123-ში, 1 სართულზე მდებარე N17 ბინები. აღნიშნული საკუთრებების გადაცემა განხორციელდა ,,სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის“ რეკომენდაციის შესაბამისად, იქ მცხოვრებ ფიზიკურ პირებზე საკუთრებაში გადაცემის მიზნით;
საკრებულომ დაამტკიცა განკარგულება, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების, ქალაქ ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩა N71-ში მდებარე შენობა ნაგებობის მესამე სართულზე არსებული 37.87 კვ.მ. N64 ბინის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემას, შემდგომში, მისი ფაქტობრივი მფლობელის საკუთრებაში გადაცემის მიზნით;
საკრებულომ ძალადაკარგულად გამოაცხადა ქალაქ ბათუმში, ანდრია პირველწოდებულის I ჩიხი, №16ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ავტომატურად კარგავს ძალას მასში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება, ვინაიდან უქმდება სამართლებრივი საფუძველი;
საკრებულომ ცვლილება შეიტანა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის წესში. ცვლილების შეტანის მიზანს წარმოადგენდა დადგენილების სრულყოფა და პროგრამაში საჭიროების მქონე უფრო მეტი პირის/ოჯახის ჩართვა;
საკრებულომ ტექნიკური ხასიათის ცვლილებები შეიტანა ქალაქ ბათუმში, რუსთაველის ქუჩის გაგრძელებაზე, შპს ,,ალიანს სიტის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გაცემულ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმაში;
საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მერს მრავალშვილიანი ოჯახისთვის საცხოვრებელი ბინის საკუთრების უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით. მიღებული გადაწყვეტილებით, მრავალშვილიანი ოჯახის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ალელიშვილების 6-შვილიან ოჯახს, საერთო ჯამში, 130 კვ.მ-დე საცხოვრებელი ფართი გადაეცემა;
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილება განხორციელდა ,,თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ პლაჟზე ზომამცირე გემების ბაზირების პუნქტების განსაზღვრის შესახებ“ საკრებულოს 2012 წლის 26 ივნისის განკარგულებაში, რომლის მიხედვითაც ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ პლაჟს ზომამცირე გემების ბაზირების კიდევ ერთი ახალი პუნქტი დაემატა.