ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ინფრასტრუქტურის განვითარების კომისია
21 ოქტომბერი 2025
 

ბათუმის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილა.
კომისიის წევრებმა განიხილეს „ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი. დადგენილების პროექტის მიხედვით, განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებით შპს „თაუერ ჯგუფის“ მფლობელობაში არსებულ 8526,0 მ/კვ მიწის ნაკვეთზე გათვალისწინებულია მშენებარე მრავალფუნქციური კომპლექსის ბ კორპუსის ორი დამატებითი სართულის მოწყობა, რაც იწვევს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ზრდას. სხვა გაბარიტული ან ქალაქთმშენებლობითი ცვლილება გათვალისწინებული არ არის;
კომისიამ, ასევე, განიხილა ბათუმში, ანგისის ქ. N4-ში, ანგისის I ჩიხი N2, N4, N4ა, N4ბ-ში, ანგისის ქ.N2-სა და კობალაძის ქ. N18-ში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების დეტალურ გეგმაში ცვლილების შეტანის საკითხი. აღნიშნული ცვლილებით, შპს ,,ემ ბილდინგ ბათუმის“ დამტკიცებულ განაშენიანების დეტალურ გეგმაში გასწორდება ტექნიკური ხასიათის შეცდომა, კერძოდ, სიტყვა ,,მრავალფუნქციური“ ჩანაცვლდება ,,მრავალბინიანით“, რაც რეალურად აღწერილია ყველგან დეტალურ გეგმაში;
კომისიამ იმსჯელა მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელების მიზნით საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების დამტკიცების თაობაზე. განკარგულების პროექტი ითვალისწინებს ქალაქ ბათუმში, შპს „ალ-ტაას დეველოპმენტის“ საპროექტო ტერიტორიაზე (ანგისა), დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებას, რომლის სანაცვლოდაც „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 141–ე მუხლის 25-ე პუნქტის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობის არანაკლებ 10%-ისა, სასარგებლო ფართობის სახით, დარეგისტრირდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში;
კომისიამ განიხილა მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელების მიზნით საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების დამტკიცების საკითხი. განკარგულების პროექტი ითვალისწინებს ქ. ბათუმში, თამარ მეფის გამზირი N56–ში მდებარე 818.00 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებას, რომლის სანაცვლოდაც „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 141–ე მუხლის 25-ე პუნქტის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობის არანაკლებ 10%-ისა, სასარგებლო ფართობის სახით, დარეგისტრირდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. ასევე, აღნიშნული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებებით სარგებლობის სანაცვლოდ, ქალაქ ბათუმში, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა N35-ში, 1887.00 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მოეწყობა სპორტული მოედანი.
სხდომაზე განხილულ საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილებას ბათუმის საკრებულო ხვალ, მორიგ სხდომაზე მიიღებს.
სხდომას საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე მინდია გოგუაძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 62
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები