ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ალექსანდრე ქართველის სახელი მიენიჭა
01 სექტემბერი 2015
 

დღეს, პირველ სექტემბერს, ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს გამოჩენილი ქართველი ავიაკონსტრუქტორის, აშშ-ის ავიამშენებლობის ერთ-ერთი პიონერის – ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილი – 1896-1974) სახელი მიენიჭა.
ალექსანდრე ქართველიშვილი სწავლობდა პარიზის ავიაციის სკოლაში, მუშაობდა ფრანგი ავიატორის - ლუი ბლერიოს კომპანიაში, სადაც მონაწილეობდა თვითმფრინავების შექმნაში. 1924 წელს მისმა ერთ-ერთმა თვითმფრინავმა დაამყარა სიჩქარის მსოფლიო რეკორდი. 1927 წლიდან ქართველიშვილმა მოღვაწეობა ნიუ-იორკში, ცნობილ საავიაციო კომპანიაში (Republic Aviation Company) გააგრძელა. იგი იყო ამ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი და მთავარი კონსტრუქტორი.
ავიამშენებლობისა და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისთვის ქართველმა ინჟინერმა მიიღო აშშ-ის მეცნიერების ეროვნული მედალი. იგი, ასევე, არჩეული იყო აშშ-ის საინჟინრო აკადემიის საპატიო წევრად. 
,,ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის სახელდების შესახებ" ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტს დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. 
ამ ადამიანის ღვაწლს იცნობს მთელი მსოფლიო და შესაბამისად აფასებენ, ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩვენც შესაბამისად უნდა დავაფასოთ, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ, - ვფიქრობ, ჩვენთვის დიდი პატივია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ეწოდოს ასეთი მსოფლიო დონის ქართველი ავიაკონსტრუქტორის, ალექსანდრე ქართველის სახელი.
საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ინიციატივა - ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისათვის ალექსანდრე ქართველის სახელის მინიჭების თაობაზე პრემიერ-მინისტრს - ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 8987
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები