ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შეხვედრა ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიატებთან
19 თებერვალი 2016
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლაშა სირაბიძე და საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის კომისიის წევრები დღეს ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიატებს  შეხვდნენ.  ბათუმელ სტუდენტებს  საკრებულოს წევრისა, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის რამაზ სურმანიძის წიგნი - „ლუკა ასათიანი“ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ლაშა სირაბიძემ, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ბერაძემ  და ამავე კომისიის წევრებმა ნატალია ზოიძემ და ფრიდონ ბრეგვაძემ გადასცეს.  შეხვედრაზე ლუკა ასათიანის ღვაწლისა და  დამსახურების შესახებ თავად წიგნის ავტორმა რამაზ სურმანიძემ ისაუბრა. შეხვედრა საკრებულოს წევრის ნატალია ზოიძის ინიციატივით გაიმართა.
ლუკა ასათიანის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის  მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის კომისიის წევრთა ინიციატივით 2015 წელს დაწესდა და იგი ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროფესიული განვითარებისა და უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია  გაიცემა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ბათუმელ სტუდენტებზე, რომლებიც  საქართველოს სხვადასხვა ავტორიზებულ  უმაღლეს საგანმანათლებლო  დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე არიან ჩარიცხული. მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამა „ლუკა ასათიანის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის“ ბათუმის 2016 წლის ბიუჯეტში 101 ათასი ლარითაა განსაზღვრული. სტიპენდიის ოდენობა  200 ლარს შეადგენს.
ცნობილი საზოგადო მოღვაწე ლუკა ასათიანი იყო ბათუმის პირველი ქალაქის თავი და გარდაცვალებამდე მართავდა ქალაქს.  მან  დიდი ღვაწლი მიუძღვის ბათუმის განვითარებაში.. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბათუმის განაშენიანება, ქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე ჭაობის ამოშრობა, კაპიტალური სანიაღვრე კანალიზაციის არხების გაყვანა (მათ შორის ჟილინსკისა და ივანოვის არხები), რომლებმაც მთელი ქალაქი გადაკვეთეს. პარალელურად წარმოებდა ქალაქის დადაბლებული ადგილების ხრეშითა და გრუნტით მოზვინვა. ყოველივე ამან განაპირობა ქალაქში ჭაობიანი ადგილების დაშრობა და მეტად საშიში ავადმყოფობის მალარიის მოსპობა. შედეგად შესაძლებელი გახდა ახალი ქუჩების გაყვანა და ნაწილის კეთილმოწყობა. ლუკა ასათიანის პირადი ინიციატივით დაიწყო ბათუმის საბჭოს შენობის აგება, რომელიც დღესაც ამშვენებს ქალაქს. მისივე მმართველობის პერიოდშია აშენებული ახლანდელი რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც აჭარის მოსახლეობას დღესაც ემსახურება. ლუკა ასათიანი დიდ ყურადღებას უთმობდა ბათუმში განათლების აღმავლობის საქმეს. მისი ინიციატივით ქალაქში უმოკლეს ვადაში ყველა ეროვნებისათვის მათ ენაზე დაწყებითი კლასები გაიხსნა. ლუკას ხშირად ბათომის მოურავადაც მოიხსენებდნენ.
მადლიერმა თანამოქალაქეებმა ამ საუკუნის დასაწყისში ქუჩას, რომელზეც ქალაქის თვითმმართველობის შენობა იდგა,  მისი სახელი დაარქვეს.  2013 წელს კი ბათუმში ლუკა ასათიანის ბიუსტი მისივე სახელობის ქუჩაზე დაიდგა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 6726
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები