ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
აშშ-ის ფლოტის ხომალდზე საზეიმო მიღება გაიმართა
14 ოქტომბერი 2016
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა სირაბიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან და ბათუმის მერთან გიორგი ერმაკოვთან ერთად, ბათუმის ნავსადგურში მყოფ აშშ-ის მე-6 ფლოტის სამეთაურო და მართვის ხომალდ Mount Whitney-ზე გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო.
გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკული ხომალდის საქართველოში შემოსვლის მნიშვნელობა შეაფასა და მას ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტური უწოდა.
საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული ვიზიტი მიზნად ისახავს ამერიკის რეგიონალური პარტნიორების საზღვაო-სამხედრო შესაძლებლობების ზრდას და ამით უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.
„ამერიკის შეერთებული შტატების ხომალდის - MOUNT WHITNEY-ის ბათუმის პორტში შემოსვლა უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განვითარებასთან ერთად, ამერიკული ხომალდის შემოსვლა საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისადმი. ეს ვიზიტი ამერიკის საზღვაო-სამხედრო ფლოტთან ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის შედეგია და მიზნად ისახავს ამერიკის რეგიონალური პარტნიორების საზღვაო-სამხედრო შესაძლებლობების ზრდას და ამით უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. შავი ზღვის უსაფრთხოება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ასეთი აქტივობები სრულად ასახავს ნატოს დამოკიდებულებას საქართველოს ჩართულობისადმი იმ დიალოგში, რომელიც ეხება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას და ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმაოთ კავშირები ამ კუთხით,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა, რომელმაც გაუძლო მრავალ გამოცდას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის რთულ პერიოდში, ყველაზე ეფექტიანი მექანიზმია საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე. მანვე საქართველოს მოსახლეობის სახელით მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლის მანძილზე უწყვეტი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის.
ამერიკის ელჩის, იან კელის განმარტებით, ეს აშშ-ის მე-6 ფლოტის სამეთაურო და მართვის ხომალდის - USS Mount Whitney მეოთხე ვიზიტია საქართველოში, რომლის მიზანიც არის საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერება, აშშ რეგიონალური პარტნიორების სტაბილურობის უზრუნველყოფა და მზადყოფნისა და საზღვაო შესაძლებლობების გაზრდა. მისივე თქმით, ბათუმის პორტში ვიზიტი არის ამერიკა-საქართველოს პარტნიორობის გაღრმავებისა და მხარდაჭერის მკაფიო სიგნალი.
აშშ-ის მე-6 ფლოტის სამეთაურო და მართვის ხომალდი Mount Whitney ბათუმის ნავსადგურში 12 ოქტომბერს შემოვიდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 20539
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები