2024 წლის 25 სექტემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომის დღის წესრიგი კოლეგებს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა სირაბიძემ გააცნო.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს განკარგულების პროექტს, რომლის შესაბამისად ცვლილება შევიდა „თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საკრებულოს 2013 წლის 125-ე განკარგულებაში, რომლის პირველ პუნქტში მოიხსნა მიწის ნაკვეთის დევნილთათვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისთვის გამოყენების თაობაზე დაფიქსირებული შეზღუდვა. აღნიშნული ცვლილების მიზანია ქ. ბათუმში, ყოფილი „ბითმაჟის“ (საყოფაცხოვრებო მანქანათმშენებელი ქარხანა) ტერიტორიაზე (II ნაკვეთი) 60616,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილის, კერძოდ 30 000 კვ.მ ფართის, სახელმწიფოს მიერ პრივატიზების ხელშეწყობა გაზბეტონის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის მიზნით.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილებები და დამატებები შევიდა ქ. ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაშიც, კერძოდ, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ზონირების ნაწილის ზოგადი ზონირების ახალი რუკის ნაწილში. ცვლილების მიზანია ქალაქის ტერიტორიაზე მშენებლობის პროცესის ეფექტური, ხარისხიანი განხორციელება და ქალაქმშენებლობითი დაგეგმარების სწორი მიმართულების განსაზღვრა.
საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჭიროებებიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთის სამინისტროსთვის სარგებლობაში გადაცემისა და შსს-ს სსიპ „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს“ მიერ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე სამაშველო-სახანძრო სამსახურის ახალი შენობის მშენებლობის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფოს უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცა ქ. ბათუმში, ანგისის დასახლებაში მდებარე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 6680,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული 379,00 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობით. ამასთანავე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ, საკუთრებაში უბრუნდება ქ. ბათუმში, ხახულის ქ. 39-ში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სსიპ „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს“ სარგებლობაში არსებული), მასზე დამაგრებული ფართის შენობა ნაგებობებით.
დღესვე საკრებულოს წევრებმა თანხმობა მისცეს ქ. ბათუმის მერს, შავი ზღვის სანაპირო ზოლის გამაგრების სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზნით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, განსაზღვრული საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, ორი წლის ვადით, უსასყიდლო აღნაგობის ფორმით სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის“ სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით.
ბათუმის მერს, ასევე, მიეცა თანხმობა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებთან ერთად დააფუძნოს (გახდეს პარტნიორი) სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსი“ და ამ მიზნით გაახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
ცვლლილებები შევიდა, ასევე, ქ. ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურის განვითარების, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიების პერსონალურ შემადგენლობებში. შესაბამისად, სხომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დამტკიცდა აღნიშნული კომისიების ახალი პერსონალური შემადგენლობები.
საკრებულოს სხდომას ქ. ბათუმის მერიის სამსახურების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.