2024 წლის 25 სექტემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დღეს ბათუმის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები კოლეგებს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა სირაბიძემ გააცნო.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, აჭარის უმაღლეს საბჭოს წევრად არჩევისა და მათი უფლებამოსილების ცნობის გამო, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდათ ირაკლი ჭეიშვილს, გიორგი ცინცქილაძესა და დავით თედორაძეს.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ განკარგულებაში ცვლილებას, რომლის თანახმადაც იგეგმება ზღვისპირა პარკის მიმდებარე, კაფე-ბარ „რვაფეხა“-ს რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, რისთვისაც აუცილებელია აღნიშნული ტერიტორია და შენობა-ნაგებობა ირიცხებოდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში, როგორც უფლებრივად უნაკლო ქონება.
დღესვე, საკრებულომ მიზანშეწონილად მიიჩნია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ქ.ბათუმში, ადლიის დასახლებაში მდებარე 2500,0 კვ.მ მიწის ნაკვვეთის უსასყიდლოდ გადაცემის საკითხიც.
რიგგარეშე სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა ქ. ბათუმში, მაიაკოვსკის ქ. №55/24-ში მდებარე ავარიული სახლის დემონტაჟისა და ახალი სახლის მშენებლობის სანაცვლოდ მოქალაქეთა საკომპენსაციო თანხებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამას და საკრებულოს განკარგულების პროექტს დაუჭირეს მხარი, რომლის მიხედვითაც ცვლილებები შევიდა საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხაში. ცვლილების თანახმად, საკრებულოს აპარატის ორ თანამშრომელს თანამდებობრივი კატეგორია აუმაღლდა.