ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
„ბათუმობა 2017“
02 სექტემბერი 2017
 

„ბათუმობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით რეგიონის ხელმძღვანელმა პირებმა, ქალაქის სტუმრებთან და რიგით ბათუმელებთან ერთად, მემედ აბაშიძის ქუჩაზე საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს. "ბათუმობა 2017", სიმბოლურად, მემედ აბაშიძის ქუჩაზე სპეციალურად მოწყობილ კარიბჭესთან გაიხსნა. მანამდე კი სასტუმრო კომპლექს „პალმ აპარტმენტში“ ბათუმსა და პოლონეთის ქალაქ ნისას შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა.რეგიონისა და ქალაქის ხელმძღვანელობამ, ქალაქის სტუმრებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს, რის შემდეგაც, სასულე ორკესტრის თანხლებით, მემედ აბაშიძის გამზირზე გადაინაცვლეს.
წელს „ბათუმობის“ ფარგლებში მემედ აბაშიძის ქუჩაზე არა ერთი საინტერესო ღონისძიება მოეწყო. სასულე ორკესტრის საზეიმო მარშის ფონზე მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობებმა მოძრავი სანახაობა გამართეს; მოზარდებისთვის და პატარებისთვის სხვადასხვა ლოკაციაზე შესაძლებელი იყო ფოტოსესიების გამართვა და ქუჩის მოხატვაში მონაწილეობა; მემედ აბაშიძის გამზირზე, პლატონ გიგინეიშვილის სახლის წინ, გაიმართა პერფორმანსი და ძველი ბათუმის ამსახველი ფოტოების გამოფენა, რომლითაც ქალაქის ისტორია გაცოცხლდა. გაეროს ბავშვთა ფონდმა წარმოადგინა ანტი-სტიგმა კამპანია „დაინახე ყველაფერი“. დღესვე, ევროპის მოედანზე ადგილობრივი ბენდების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება. დღის განმავლობაში ბათუმის ქუჩებში თანამედროვე STREET ART - ისა, ხოლო მემედ აბაშიძის ქუჩაზე ვეშაპის ინსტალაცია - შადრევანი მოეწყო. კითხვის მოყვარულთათვის "წიგნები ბათუმში" და „ბიბლუსმა“ - თავიანთი წიგნების გამოფენა - გაყიდვა გამართეს. დღის ბოლოს კი ბათუმის საზაფხულო თეატრში ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ ანსამბლ "ბათუმის" ვარსკვლავი გაიხსნება და საპატიო ბათუმელები დაჯილდოვდებიან. ბათუმობის პირველი დღის საფინალო კონცერტს ბათუმის ჯაზ ბიგბენდი ევროპის მოედანზე გამართავს.
ბათუმობის დღესასწაული ტრადიციულად სექტემბრის პირველ უქმე დღეებში აღინიშნება. დღესასწაული ხვალაც გაგრძელდება და საღამოს ევროპის მოედანზე გალა კონცერტით დასრულდება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1136
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები