ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
რიგგარეშე სხდომა ბათუმის საკრებულოში
24 ნოემბერი 2017
 

ახალი მოწვევის საკრებულომ დღეს კიდევ ერთი რიგგარეშე სხდომა გამართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს. პირადი განცხადების საფუძველზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ევგენი კუნჭულიას უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე საკითხი საკრებულომ ცნობად მიიღო. მის ადგილმონაცვლეს კი საოლქო საარჩევნო კომისია საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს. საკრებულომ დღესვე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით, გოგებაშვილის ქუჩაზე რამდენიმე მიწის ნაკვეთი გადასცა, ამავე ქუჩაზე დაგეგმილი ესტაკადის მშენებლობის განსახორციელებლად. პროექტის მიხედვით, ესტაკადის მშენებლობა მნიშვნელოვნად გაზრდის მოცემულ მონაკვეთში ტრანსპორტისა და ტვირთების ინტენსიურ და უსაფრთხო გადაადგილებას, მათ შორის სარკინიგზო ტრანსპორტით საზღვაო ნავსადგურში ტვირთების მიღება-მიწოდებას. საკრებულოს წერვებმა, ასევე, ერთხმად დაუჭირეს მხარი, ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მოუვლელი მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების მოწესრიგების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ საკითხს. წარმოდგენილი პროექტით, მერიის შესაბამისი უწყებები ვალდებული არიან ქალაქის ტერიტორიაზე არსებული მიტოვებული, მოუვლელი და რისკის შემცველი ადგილები აღწერონ, შეაგროვონ ინფორმაცია, რის შემდეგაც მოხდება კონკრეტული ადგილების დასურათება და სხვა ღონისძიებების გატარება. რაც შეეხება დღის წესრიგით გათვალისწინებულ ბოლო საკითხს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, მასში მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილება შევიდა და შინაარსობრივი მხარე არ შეცვლილა. რიგგარეშე სხდომას ბათუმის მერიის სამსახურებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 74
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები