ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
ბათუმის საკრებულოს სხდომაზე 21 საკითხი განიხილეს
18 იანვარი 2018
 

ბათუმის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 21 საკითხზე იმსჯელეს. 
საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილებით, ბათუმში, ლადო ასათიანის ქ. N27-ში მიმდებარე მიწის ნაკვეთის (9450 კვ/მ) კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდება, რომლის დაფინანსებისთვის საჭირო სახსრები, 1,144,709 ლარის ოდენობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყოფა.
საკრებულომ მხარი დაუჭირა ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის" ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერთებას. საკითხი სხდომაზე ეთერ ლომაძემ - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობის, საინვესტიციო და ეკონომიკური განვითარების განყოფილების უფროსმა წარადგინა. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში მუნიციპალიტეტმა აიღო ვალდებულება მიერთებიდან 1 წლის განმავლობაში შეიმუშავოს და დაამტკიცოს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა საჯარო-კერძოპარტნიორობისა და კარგი მმართველობის პრინციპების გათვალისწინებით. ასევე უზრუნველყოს კონკრეტული პროექტების ინიცირება და განხორციელება დასაქმების ხელშეწყობისა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისათვის.
დღესვე ცვლილება შევიდა სპეციალური (ზონალური) შეთანხმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესში და იგი ახლებური ფორმით ჩამოყალიბდა. კერძოდ: ახალი წესის შესაბამისად, კონკრეტული მიწის ნაკვეთიისთვის განსაზღვრული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობის გაზრდის თაობაზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი გადაწყვეტილებას მიიღებს არა დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის ( საბჭო) წარდგინების საფუძველზე, არამედ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის წერილობითი დასკვნის საფუძველზე. ცვლილებით, ასევე, განისაზღვრა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის განსაზღვრული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობის გაზრდის თაობაზე წერილობითი დასკვნის წარდგენის ვადა და პირობები. 
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხე-მცენარეების გადაბელვის ან/და ჭრის შედეგად დარჩენილი საშეშე მასალით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უზრუნველყოფისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტს, რომლის მიხედვითაც გაუქმდა საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის N56-ე განკარგულება და ამავე განკარგულებით შექმნილი კომისიის ფუნქციები გადაეცა ქ. ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს. 
საკრებულოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით თანხმობა მისცეს ქალაქ ბათუმის მერს ა(ა)იპ „ბათუმის ავტოდრომის“ ლიკვიდაციის თაობაზე, ამასთან, „ბათუმის ავტოდრომის“ ფუნქცია-მოვალეობები ა(ა)იპ „ბათუმის სპორტულ ცენტრს“ გადაეცა. მერს, ასევე, თანხმობა მიეცა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს ა(ა)იპ „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ ლიკვიდაცია და ამ მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები. ამასთანავე, ა(ა)იპ „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ ლიკვიდაციისა და მისი ფუნქცია-მოვალეობების „შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის“ გადაცემის საკითხიდან გამომდინარე, მოქმედ კანონმდებლობასთან და შეცვლილ გარემოებებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, სათანადო ტექნიკური ცვლილებები შევიდა საკრებულოს რამდენიმე დადგენილებაში. 
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ბათუმის მერს მიეცა თანხმობა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ბათუმში, ერას მოედნის მიმდებარედ არსებული 142,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშულების მიწის ნაკვეთის შპს „თ და კ რესტორნებისთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, 20 წლის ვადით, იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, აღნიშნულ ტერიტორიაზე ევროპული სტანდარტების ტერასის მოსაწყობად. განკარგულების პროექტის მიხედვით, მითითებული უძრავი ქონების წლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 15500,00 ლარის ოდენობით. 
სხდომაზე დამტკიცდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში პოლიტიკური თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოები და საშტატო ნუსხა, ასევე, განისაზღვრა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების საკითხი და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა. 
საკრებულომ, ასევე, დაამტკიცა საკრებულოსთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს 2018 წლის სამოქმედო გეგმა. 
ბათუმის საკრებულოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის (სამარშრუტო მიკროავტობუსი) ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფი 0,5 ლარით განისაზღვრა. განკარგულების მიხედვით, აღნიშნული ტარიფი ძალაში 2018 წლის პირველი თებერვლიდან შევა. 
სხდომას, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე უძღვებოდა, ბათუმის მერიის სამსახურების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 735
 
 
 
 
სიახლეები
ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯავახიშვილის უბანში
სრულად

 

ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები