ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე
25 ივნისი 2018
 

ბათუმი დღეს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. მეზღვაურებს პროფესიული თარიღი პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მიულოცეს.
საზღვაო ნავსადგურში მეზღვაურთა დღის აღსანიშნავ ოფიციალურ ცერემონიალს საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და საკრებულოს წევრები დაესწრნენ. დღესვე ღონისძიებაზე მოქმედ კაპიტნებს პროფესიაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდოები გადაეცათ, საზღვაო ელჩის ტიტული მიენიჭათ შორეული ნაოსნობის ორ კაპიტანს - თეიმურაზ გოგრაჭაძეს და თამაზ მიქელაძეს, დაჯილდოვდნენ სტუდენტები და სტიპენდიატები. ღონისძიების მონაწილეებმა ნავსადგურიდან გააცილეს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის კუთვნილი გემი „კადეტი“, რომელიც პირველ საერთაშორისო ნაოსნობაში გაემგზავრა. მიმდინარე წელს აღნიშნული გემი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას უსასყიდლოდ გადასცა. იგი აღჭურვილია ყველა საჭირო თანამედროვე სანაოსნო სისტემით და ტექნიკური საშუალებით.
ოფიციალურ ცერემონიალს საქართველოს მთავრობის, აჭარის მთავრობის, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე, მეზღვაურები და სტუდენტები ესწრებოდნენ. ცერემონიის ბოლოს ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულ მეზღვაურთა ხსოვნას და ზღვაში სიმბოლური გვირგვინი ჩაუშვეს.
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე გაეროს გადაწყვეტილებით მანილას კონფერენციაზე 2010 წლის 25 ივნისს დაწესდა. ბათუმი წელს ამ დღეს მერვედ აღნიშნავს.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 10 ათასამდე მეზღვაურია რეგისტრირებული.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3171
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები