ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში დღესვე შემოვა
15 ნოემბერი 2018
 

ბათუმის საკრებულოს ლუკა ასათიანის სხდომათა დარბაზში ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის საჯარო განხილვა მიმდინარეობს. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით მომავალი წლის ბიუჯეტი ჯამში 154 361,6 ლარით განისაზღვრება. პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ რჩება მუნიციპალური იფრასტრუქტურის განვითარება, ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ქალაქის ეკონომიკური და ურბანული განვითარება, მუნიციპალური სერვისების განვითარება, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება. 

ბიუჯეტის პროექტის განხილვას მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებთან ერთად ესწრებიან მრჩეველთა საბჭოს, არასამთავრობო სექტორის, მედიასაშუალებების წარმომადგენლები და დაინტერებული პირები.
განხილვის დასრულების შემდეგ, დღესვე, ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ბათუმის მერი განსახილველად საკრებულოში გადააგზავნის.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის” და ბათუმის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, საკრებულო მერის მიერ წარდგენილ პრიორიტეტების დოკუმენტს და ბიუჯეტის პროექტს წარდგენიდან 2 დღის ვადაში საჯარო განხილვისთვის გამოაქვეყნებს. პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტი ასევე წინასწარი განხილვისათვის გადაეცემა საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებს.
კანონმდებლობის შესაბამისად, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, იურიდიული პირების, მოქალაქეების წინადადებები, შენიშვნები და შეფასებები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტზე არა უგვიანეს 21 ნოემბრისა წერილობით უნდა ჩაბარდეს საკრებულოს აპარატს, რომელიც მოაახდენს მათ რეგისტრაციასა და სისტემატიზაციას დარგობრივი ნიშნის მიხედვით. აღნიშნული დოკუმენტაცია დაუყოვნებლივ (იმავე დღესვე) საკრებულოს თავმჯდომარის რეზულუციით გადაეცემა საკრებულოს შესაბამის დარგობრივ კომისიებს.
თავის მხრივ, საკრებულოს დარგობრივი კომისიები პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტზე თავის დასკვნას საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიას წარუდგენენ არა უგვიანეს 23 ნოემბრისა. საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისია არა უგვიანეს 24 ნოემბრისა ჩაატარებს გაფართოებულ სხდომას და შემაჯამებელ დასკვნას არა უგვიანეს 25 ნოემბრისა წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც იმავე დღეს დაუბრუნებს ქალაქის მერს ბიუჯეტის პროექტს შენიშვნით. თავმჯდომარის წერილთან ერთად მერს გადაეგზავნება საფინასო და ეკონომიკური განვითარების კომისიის შემაჯამებელი დასკვნის დამოწმებული ქსეროასლი ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული შენიშვნების თაობაზე.
ქალაქის მერი ვალდებულია განიხილოს ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული შენიშვნები და ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებული ვარიანტი შენიშვნებზე დასკვნასთან ერთად არა უგვიანეს 10 დეკემბრისა წარუდგინოს საკრებულოს დასამტკიცებლად.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1911
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები