ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა
28 იანვარი 2021
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს გამართულ საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს.

კომისიამ იმსჯელა განკარგულების პროექტზე, რომელიც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული 145 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემას ითვალისწინებს. საკითხის მომხსენებლის, მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის მ/შ დავით კოპინაძის ინფორმაციით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით (№19/1420325163-03, 20.11.2020წ.) მიმართა გივი კომახიძემ, რომლითაც ითხოვს მის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, გოგებაშვილის ქ. №2-ში მდებარე 200,0 კვმ (ს/კ 05.21.10.007.04.516) ფართის წინ არსებული, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთის იჯარით აღებას. ხსენებული მიწის ნაკვეთის ნაწილზე განმცხადებელი გამოთქვამს სურვილს განათავსოს მსუბუქი კონსტრუქციის (რკინის კონსტრუქცია და მინა) ნაგებობა, მისი კუთვნილი კომერციული ფართის გაფართოების მიზნით. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება აუქციონის ფორმით ან პირდაპირი განკარგვის წესით. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, ხოლო მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ვადას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება უსასყიდლოდ. ხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია დაკმაყოფილდეს გივი კომახიძის განცხადება და მის საკუთრებაში არსებულ მოქმედ ობიექტთან ფუნქციურად დაკავშირებული სივრცის გამოყენების მიზნით, პირდაპირი განკარგვის წესით, 05 წლის ვადით, იჯარით სარგებლობაში გადაეცეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული 145,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მიწის ნაკვეთის ნაკვეთის წლიური სარგებლობის საფასური განისაზღვროს 6 000,0,0 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
კომისიის წევრებმა განიხილეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში შესატანი ცვლილებები, ასევე, იმსჯელეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ბათუმის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე, რაც ითვალისწინებს ქ. ბათუმის N28-ე ოლქის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის რესან კონცელიძისათვის პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციონირების მიზნით ფართის გამოყოფას სასყიდლიან სარგებლობაში (ქირავნობა) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადით.
სხდომაზე განიხილეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსა და შპს ,,ხიდი 2006“ -ს შორის 2018 წლის 18 მაისს დადებულ ,,ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების იჯარის უფლებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულებაში შესატან ცვლილებაზე, რაც ითვალისწინებს ქალაქ ბათუმში, ზღვისპირა პარკში, რუსთაველის ქუჩა №34-ში (ს/კ №05.23.04.619) მდებარე, პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით პირობებით გაცემული 11138 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის 1416,70 კვ.მ. ფართის (საზღვაო პირსი) სამშენებლო სამუშაოების (სამშენებლო სამუშაოების დაწყების და დასრულების) განხორციელების ახალი ვადების განსაზღვრას.
ცვლილების შეტანა იგეგმება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაშიც, რაც გულისხმობს ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვისას ავტობუსებისათვის (M3 კატეგორია – 5 ტონაზე მეტი), წყლის მიწოდებისა და წყალარინების საქმიანობის, საყოფაცხოვრებო და სამედიცინო ნარჩენების მართვის სფეროში და სპორტის დარგში (საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის სექცია R, განყოფილება 93, ჯგუფი 93.1-ის კლასი 93.11, 93.12 პუნქტებით განსაზღვრული სპორტული ობიექტები (ღია, დახურული დასასხდომი ადგილებით ან მათ გარეშე), რომლებიც გამოიყენება პროფესიონალი ან/და სპორტული ღონისძიებების, შეჯიბრებების ჩასატარებლად, გარდა 93.13 პუნქტით განსაზღვრული ობიექტებისა) გამოყენებული ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების გადასახადის წლიური განაკვეთის მოქმედების ვადის გაგრძელებას 2023 წლის 1 იანვრამდე.
კომისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს მორიგ სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად მიიჩნიეს.
საკრებულოს მორიგი სხდომა ხვალ, 29 იანვარს, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1816
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები