ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა
28 მაისი 2021
 

სხდომაზე განიხილეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტში ცვლილების შეტანის საკითხი. აღნიშნული დადგენილების საფუძველზე შემუშავებული იქნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სოციალური უზრუნველყოფის“ პროგრამით განსაზღვრული ქვეპროგრამა - „მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირება“, რომლის მიხედვით მუნიციპალურ ტრანსპორტზე მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით უფასო ტარიფით ისარგებლებს დადგენილების პროექტით განსაზღვრული ყველა ბენეფიციარი (სულ 31771 პირი), კერძოდ: ბათუმის ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის ბენეფიციარები, ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, 0-70 000 ქულის მქონე ბენეფიციარები, შშმ პირები, შშმ სტატუსის ბავშვები, მოსწავლეები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები და სკოლების მანდატურები (რომელთა შრომის ანაზღაურება (სარგო) არ აღემატება 625 ლარს თვეში), სტუდენტები, იძულებით გადაადგილებული პირები, ასაკით პენსიონერები, საბავშვო ბაღების და ბიბლიოთეკების თანამშრომლები, პროფესიული კოლეჯი "Black sea" თანამშრომლები (რომელთა ხელფასი არ აღემატება 625 ლარს), მარტოხელა მშობლები, ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლთა რეგიონული ცენტრის ბენეფიციარები.

კომისიის წევრებმა იმსჯელეს „მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ბათუმის საკრებულოს 2020 წლის 23 დეკემბრის №გ-15.15203582 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. აღნიშნული ცვლილების მიზანია მრავალშვილიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. კერძოდ, თუ აქამდე მოქმედი განკარგულებით, საცხოვრებელი ბინები გადაეცემოდათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ (რეგისტრირებულ) ოჯახებს და იმ ოჯახებს, რომელთა ოჯახის უფროსი წევრებიდან (დედა ან/და მამა) ერთ-ერთი რეგისტრირებული იყო ქ. ბათუმში და რომლებსაც ჰყავდათ 7 (შვიდი) და მეტი შვილი, ახალი ცვლილების შედეგად საცხოვრებელი ბინები გადაეცემათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ (რეგისტრირებულ) ოჯახებს და იმ ოჯახებს, რომელთა ოჯახის უფროსი წევრებიდან (დედა ან/და მამა) ერთ-ერთი რეგისტრირებულია ქ. ბათუმში და რომლებსაც ჰყავთ 6 (ექვსი) და მეტი შვილი. პროგრამის ბენეფიციარი ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება 1 (ერთი) ან 2 (ორი) საცხოვრებელი ბინით საერთო ფართით 100 კვმ-დან 130 კვ.მ-მდე. პროგრამით სარგებლობა შეეძლებათ იმ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთა უფროსი შვილის წლოვანება არ აღემატება 24 წელს. ოჯახს ბინა/ბინები გადაეცემა ოჯახის თითოეული წევრის თანასაკუთრებაში (მშობლები და შვილები), ბინის/ბინების გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს გარემონტებულ მდგომარეობაში ან გარემონტების მიზნით ბინის სარემონტო სამუშაოებისათვის მერიის მიერ ერთჯერადად შესაძლებელია გამოიყოს თანხა - 1 კვ. მ -ზე 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; პროგრამით ისარგებლებენ ის მრავალშვილიან ოჯახები, რომლებიც 2018 წლის 1 იანვრამდე დარეგისტრირდნენ მერიის შესაბამისი სამსახურის მონაცემთა ბაზაში.
აღნიშნულ განკარგულებაში ცვლილების შეტანით შესაძლებელი ხდება 6-შვილიან ოჯახებზე საცხოვრებელი ბინების განაწილება დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში, რაზედაც ასევე იმსჯელეს კომისიის წევრებმა და მხარი დაუჭირეს შესაბამისი განკარგულების პროექტის საკრებულოს სხდომზე განხილვას, რომლის მიხედვითაც მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი იქნება და საკუთრებაში გადაეცემა 16 ოჯახს.
სხდომაზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქ. N17-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. კერძოდ, საკრებულოს განკარგულების პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ბათუმში, ქ.ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩა N17-ში მდებარე 14300,0 კვ.მ. (ს.კ. N05.30.02.027) და 1638,0 კვ.მ. (ს.კ. N05.30.02.026) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები სახელმწიფოს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა, მისი შემდგომში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემის მიზნით, ასევე, ქალაქ ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩა N11ა-ში, სახელმწიფოსა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის თანასაკუთრებაში რეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს.კ. N05.24.08.091) განთავსებული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები (მათზე წილობრივად დამაგრებულ მიწის ნაკვეთთან ერთად) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადმოეცემა.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კომერციულ საქმიანობაში გამოყენების მიზნით იჯარით სარგელობაში გადაცემასთან დაკავშირებით. კერძოდ, განკარგულების პროექტით განმარტებულია, რომ მოქალაქე ნოდარ მახარაძემ მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა განცხადებით (N 19/1421041286-14; 10.02.2021 წ), რომლითაც ითხოვს ქ. ბათუმში, ინასარიძის ქ. №3-ის მიმდებარედ არსებული 39.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 05.24.07.156) სარგებლობაში გადაცემას, მის საკუთრებაში არსებული კომერციული ობიექტის საქმიანობის გაფართოვების და ხელშეწყობის მიზნით. როგორც ცნობილია, მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემას აუქციონის ფორმით ან პირდაპირი განკარგვის წესით. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ვადას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება უსასყიდლოდ.
ხსენებულ გარემოებათა გათვალისწინებით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია დაკმაყოფილდეს ნოდარ მახარაძის განცხადება და მის საკუთრებაში არსებული 113.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული 29,40 კვ.მ. ფართის (ს/კ 05.24.07.141.01.501) კომერციული ობიექტის საქმიანობის გაფართოვების და ხელშეწყობის მიზნით, პირდაპირი განკარგვის წესით, 05 წლის ვადით, იჯარით სარგებლობაში გადაეცეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში,ინასარიძის ქ. №3-ის მიმდებარედ არსებული 39.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 05.24.07.156), ხოლო მიწის ნაკვეთის წლიური სარგებლობის საფასური განისაზღვროს 1465 ლარის ოდენობით.
სხდომაზე განიხილეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით განსაკარგი პლაჟის მონაკვეთების წლიური საფასურის დამტკიცების და პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გაცემასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის საკითხი, ასევე იმსჯელეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრის თაობაზე და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში შესატან ცვლილებაზე.
კომისიის წევრებმა განიხილეს განკარგულების პროექტი, რომელიც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს. განკარგულების მიღების მიზანია ქ. ბათუმში, დაბა ჩაქვში, ტუბაზა „ჩაქვი“-ს მიმდებარე ტერიტორიის ტურისტული ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების, ინვესტიციების მოზიდვის საკითხში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერა პროექტის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით.
დღესვე სხდომაზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, უზუფრუქტის ფორმით სსიპ „ბათუმის ბულვარი“-სათვის სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთები) სარგებლობის უფლებით გაცემასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის საკითხზე.
კომისიის სხდომას საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ნაკაიძე უძღვებოდა.
ბათუმის საკრებულოს სხდომა 31 მაისს, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1442
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები