ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა
03 აგვისტო 2021
 

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დაამტკიცეს განკარგულების პროექტი, რომლითაც განისაზღვრა იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი და ზონები, რომლებზედაც/სადაც სააგიტაციო მასალის განთავსება აკრძალულია, ასევე, სტენდებისათვის გამოიყო ადგილები სააგიტაციო მასალის გასაკრავად.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის 2021 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო პერიოდის განმავლობაში საარჩევნო სუბიექტების მიერ საარჩევნო ღონისძიებების გამართვის მიზნით გამოიყო ხელოვნების ცენტრის შენობა, მდებარე: ქ. ბათუმი, ოდისეი დიმიტრიადის ქ.№1.
საკრებულომ დაამტკიცა დადგენილება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის შესახებ. დადგენილების მიღების მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 85-ე მუხლით განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით დამატებითი მექანიზმების შექმნა. მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამა, როგორც თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის დამატებითი მექანიზმი, წარმოადგენს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესის ნაწილს, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეთა უშუალო მონაწილეობით მუშავდება და განისაზღვრება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი პროექტები. პროგრამა ხორციელდება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით, ასევე პირდაპირი ხმის მიცემის გზით. დადგენილების მიხედვით მოქალაქეებს ექნებათ საშუალება „შენი იდეა ბათუმის“ ფარგლებში დაამუშავონ თავიანთი იდეები პროგრამებად, პროექტებად და წარუდგინონ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას.
საკრებულომ ცვლილება შეიტანა „მუნიციპალური პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 სექტემბრის N73 განკარგულებაში, რომელიც, ძირითადად, შეეხება პროგრამით მოსარგებლე ბენიფიციართა შერჩევის და ბინების გადაცემის საკითხებს. კერძოდ, აღნიშნული ცვლილებით განკარგულებას დანართის სახით დაემატა გადასაცემი ბინების ლოტოტრონის წესით შერჩეულთა სია. განკარგულებით, საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მერს შერჩეული 40 ოჯახისთვის ბინების გადაცემის შესახებ ხელშეკრულების დადების თაობაზე.
საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მერს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ბათუმში, ჭავჭავაძის ქ.№75-ში მდებარე 107.30 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის გასხვისებაზე (პრივატიზებაზე). კერძოდ: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ხორციელდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ახალი სერვისცენტრების მშენებლობა, მათ შორის დაგეგმილია ბაგრატიონის მეორე ადმინისტრაციული ერთეულის ახალი სერვისცენტრის მშენებლობა, ვინაიდან ქ. ბათუმში, ჭავჭავაძის ქ. №75-ში მდებარე მოძველებულ შენობაში არსებული ფართი, რომელშიც განთავსებულია სერვისცენტრი, არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს. ამ ეტაპზე ხორციელდება სერვისცენტრის განთავსების (მშენებლობის) ადგილის შერჩევასთან დაკავშირებული ღონისძიებები. ახალი სერვისცენტრის მშენებლობის დასრულებისთანავე მოხდება მასში ბაგრატიონის მეორე ადმინისტრაციული ერთეულის თანამშომელთა გადაყვანა. ქონების პრივატიზების პირობის მიხედვით, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბაგრატიონის მეორე ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრის ახალი შენობის აშენებამდე (2022 წლის 31 დეკემბრამდე) არ მოითხოვოს აუქციონზე შეძენილი ფართის გამოთავისუფლება ბაგრატიონის მეორე ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრისაგან ან/და ბაგრატიონის მეორე ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში საკუთარი ხარჯებით მოიძიოს (იქირაოს) ალტერნატიული შენობა/ფართი და მოახდინოს მისი გადაყვანა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით. აღნიშნული უძრავი ქონების პრივატიზებით მოხდება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში თანხების მობილიზება, რაც შექმნის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ახალი სერვისცენტრების მშენებლობის დაჩქარების დამატებით შესაძლებლობებს.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა განიხილეს მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია. კერძოდ, სხდომაზე განხილული განკარგულების პროექტი ითვალისწინებს ქ. ბათუმში, გონიოს დასახლებაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლში განლაგებულ 20485, 0 კვ. მ. ფართის ტერიტორიაზე დაბალი ინტენსივობის ორსართულიანი სასტუმრო ფუნქციის მქონე ელიტარული ვილების მშენებლობას. საპროექტო ნაკვეთი წარმოადგენს შპს „გონიო 2020“-ის საკუთრებას და იგი ბათუმის ცენტრიდან 12 კმ-ით არის დაშორებული. განკარგულებაში შესული ცვლილებით, ხორციელდება ქალაქმშენებლობითი პარამეტრების ცვლილება, რაც არსებითად არ აისახება დადგენილი ზონის მოთხოვნებზე. საპროექტო დავალების შესაბამისად, გეგმარებითი ერთეულის მიმდებარედ განსაზღვრულია სკვერისა და საზოგადოებრივი პარკინგის, ტროტუარებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, ასევე - ტერიტორიის კეთილმოწყობა და განვითარება ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნითა და მისი გამართული ფუნქციონერებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით.
საკრებულოს გადაწყვეტილებით ქ. ბათუმში კობალაძის ქუჩიდან შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე მონაკვეთი (ახლანდელი შალვა ინასარიძის I ჩიხსა და შალვა ინასარიძის ქუჩის N21-დან ბოლომდე (შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე(წრიულამდე)) მონაკვეთი) ქუჩად ჩამოყალიბდა და დავით მამულაძის სახელი მიენიჭა, ხოლო შალვა ინასარიძის II ჩიხს (ახლანდელი ინასარიძისა და ანგისის ქუჩებს შორის მონაკვეთი) - დავით მამულაძის I შესახვევი.
საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქალაქ ბათუმში, ზუბალაშვლის ქ.N18-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე - იური უნგიაძისა და ლამარა ჩუბინიძის, მელიქიშვილის ქ.N2-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე - ირაკლი ნაკაიძის, 26 მაისის ქ. N21-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე - მიხეილ ნაკაშიძის, 26 მაისის ქ. N10/12-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე - ალექსანდრე ხომერიკის მემორიალური დაფების განთავსების საკითხებს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2652
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები