ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს მორიგი სხდომა
29 სექტემბერი 2022
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი განიხილეს.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის ორ ქუჩაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცალმხრივი მოძრაობა დაწესდა. კერძოდ, ანგისის ქუჩასა (აღმაშენებლის ქუჩის წრიულიდან გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩამდე მონაკვეთში) და მარუხის ქუჩაზე (შავშეთის ქუჩიდან სოხუმის ქუჩის მონაკვეთამდე) ავტომობილები, გარდა სპეციალური დანიშნულების ავტომანქანებისა, ცალმხრივად იმოძრავებენ.
საკრებულომ დაამტკიცა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 და M3 კატეგორია) მოძრაობის განახლებული მარშრუტები. კერძოდ, ცვლილება შეეხო ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური ავტობუსების N6 და N14 სამარშრუტო ხაზების მოძრაობის სქემას, რომელსაც დაემატა ორბელიანის ქუჩის ერთ–ერთი მონაკვეთი.
საკრებულომ დაამტკიცა ,,ბავშვზე მორგებული ქალაქის ინიციატივის (CFCI)“ განხორციელების 2022-2025 წლების სტრატეგია და 2022 წლის სამოქმედო გეგმა. ბავშვზე მორგებული ქალაქის ინიციატივის განხორციელების 2022-2025 წლების სტრატეგია, იუნისეფის წარმომადგენლების ჩართულობით, 2021 წლის 4 აპრილს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილმა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის UNICEF-ის ბავშვზე მორგებული ქალაქის ინიციატივაზე მიერთების“ სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა. სტრატეგია გულისხმობს გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის პრინციპებისა და მიდგომების ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში დანერგვის ხელშეწყობას, ბავშვისთვის უსაფრთხო, ჯანსაღი და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნას.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს მუნიციპალური პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამაში მონაწილე პირველ და მეორე ეტაპზე უკვე ჩატარებული კვლევების შედეგად მინიჭებული 40 000 ქულიანი ოჯახებისათვის საცხოვრებლის გადაცემის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების საკითხს. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის პირველ და მეორე ეტაპზე უკვე ჩატარებული კვლევების შედეგად მინიჭებული 40 000 (ორმოცი ათასი) სარეიტინგო ქულების მიხედვით შერჩეული აპლიკანტების მიერ წარმოდგენილი იქნება სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაცია/ცნობა შემოსავლების შესახებ არანაკლებ სარგებლობაში გადაცემის დროისათვის უკანასკნელი ერთი წლის პერიოდის შესახებ (რომელითაც დგინდება დაწესებული ქირის ოდენობის გადამხდელუნარიანობა), ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 21 თებერვლის №165 ბრძანების საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის, აგრეთვე ელექტრონული ბაზის მიხედვით სხვა კრიტერიუმების გადამოწმება, განხილვა და კრების ოქმის საფუძველზე ქულების შენარჩუნება ან/და უარყოფა.
საკრებულომ განსაზღვრა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით განსაკარგი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების 1 კვ/მ-ის საწყისი წლიური სარგებლობის საფასური. კერძოდ, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ქ. ბათუმში, სხვადასხვა ლოკაციაზე სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით განკარგული აქვს სხვადასხვა დანიშნულების საქმიანობის განხორცილების მიზნით (ჯიხურები) მიწის ნაკვეთები. დღეის მდგომარეობით წარმოდგენილია განცხადებები სხვადასხვა ადგილებზე მიწის ნაკვეთების სარგებლობაში გადაცემის თაობაზე. შესაბამისად, კონკრეტული მიწის ნაკვეთების სარგებლობაში გამოსაყენებლად, აღნიშნულ ტერიტორიებზე მდებარე ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრა მოხდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად.
საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მერს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ბათუმში, გორგილაძის ქუჩა N91-ის მიმდებარედ არსებული 19,0 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით, 10 წლის ვადით, იჯარით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით. აღნიშნული მიწის ნაკვეთი განთავსებულია სარგებლობის უფლების მომთხოვნი პირის საკუთრებაში არსებული 84,0 კვ/მ არასაცხოვრებელი ფართის მომიჯნავედ, რომლის სარგებლობისთვისაც, საკრებულოს გადაწყვეტილებით, ნაკვეთზე სარგებლობის წლიური საფასური განისაზღვრა 3 000,0 ლარის ოდენობით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სარგებლობის საფასურის სახით.
საკრებულომ დაამტკიცა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების განახლებული ნუსხა და პრივატიზაციის გეგმა, ასევე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბათუმის ღამის თავშესაფარში მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების თაობაზე. როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილია ურეხის დროებითი ღამის თავშესაფრის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები, რისი განხორციელებაც აღნიშნული ექვსი ოჯახის ღამის თავშესაფრიდან გამოყვანის გარეშე შეუძლებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისი მოკვლევისა და შესწავლის შემდგომ, დაიგეგმა თავშესაფარში დროებით შესახლებული ოჯახების საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილება.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, მდ. ბარცხანასა და მდ. ყოროლისწყალს შორის მდებარე 3445 კვ/მ არასასოფლო– სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ქ. ბათუმის ტერიტორიაზე მასშტაბური საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის ხელშეწყობის მიზნით, შემდგომში მისი შპს ,,ამბასადორი ბათუმი აილენდ“-ისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, 5 წლის ვადით იჯარით სარგებლობაში გადასაცემად.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, შ. ხიმშიაშვილის ქუჩა 47 ა–ს მიმდებარედ არსებული 77 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრებაში, უსასყიდლოდ გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას, შემდგომში მასზე სატრანსფორმატორო პუნქტის ასაშენებლად სს „ენერგო პრო ჯორჯია“-სათვის პირდაპირი განკარგვის წესით, საკუთრებაში გადაცემის პირობით.
საკრებულომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, შავშეთის ქ. N 26–ში პირველ სართულზე მდებარე ორი ფართის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. კერძოდ, საუბარია „სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის“ 2019 წლის 08 ნოემბრის N25 ოქმით განიხილულ და ამავე კომისიის 2019 წლის 08 ნოემბრის N18 რეკომენდაციით გათვალისწინებულ საკითხზე, რომლის შესაბამისადაც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, შავშეთის ქ. N26-ში მცხოვრებ ფიზიკურ პირებს კერძო საკუთრებაში გადაეცემათ 39,28 კვ/მ და 47,77 კვ/მ ფართები.
საკრებულომ დაამტკიცა მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიაზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია. კერძოდ, სხდომაზე წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს ქალაქ ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქ. N68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. N05.22.30.004) მდებარე ერთსართულიანი, ბარაკული ტიპის, ამორტიზირებული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლებას 5–სართულიანი საცხოვრებელი სახლით, რა დროსაც არ მოხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდა. დამტკიცებული კონცეფცია შესათანხმებლად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გადაეგზავნება, საიდანაც მოსული შესაბამისი დასკვნის შემდეგ განიხილება გეგმა/პროექტი.
საკრებულომ მხარი დაუჭირა ქ. ბათუმში, ძმები ზუბალაშვილების ქ. N36–ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, გამოჩენილი ქართველი გეოფიზიკოსის, მეცნიერის, რომის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის პეტრე მანჯგალაძის მემორიალური დაფის განთავსების საკითხს.
სხდომას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 280
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები