ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა
28 ოქტომბერი 2022
 

ბათუმის საკრებულოში საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიამ განიხილა მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც ხორციელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლისათვის მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების და გასაწევი გადასახდელების ნუსხის დამტკიცება საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად, კერძოდ, ცვლილება შედის ბიუჯეტის შემოსულობებსა და ნაშთის ცვლილებაში, ასევე, გადასახდელებში ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის გადასახდელები იზრდება 1,500.0 ათასი ლარით.
კომისიამ, ასევე იმსჯელა საკრებულოს განკარგულების პროექტზე, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდისგან გრანტის მიღებაზე საქართველოს მთავრობისთვის შუამდგომლობის წარდგენასა და საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებაზე საკრებულოს თანხმობის მიცემას ითვალისწინებს. აღნიშნული ღონისძიება ხორციელდება ბათუმის მერიისა და გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მიერ ბავშვთა უფლებების დაცვასა და ბავშვის უფლებათა კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით. მითითებული თანაშრომლობის ფარგლებში UNICEF-მა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას შესთავაზა ბათუმის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ადგილობრივი მოწყვლადი და უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად მხარდაჭერა გრანტის სახით, კერძოდ, 3696 ბავშვისთვის ჯამში 868 560,0 ლარის გადაცემა, თითოეულ ბავშვზე 235,0 ლარის ოდენობით. ამ დახმარების გაცემას UNICEF-ი გეგმავს მიმდინარე წლის ბოლომდე, ვინაიდან მისი მიზანია ზამთრის მოახლოვებასთან დაკავშირებული სირთულეების, სეზონზე ოჯახების გაზრდილი საჭიროებების დაკმაყოფილება.
კომისიის წევრებმა განიხილეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საცხოვრებელი ფართების, ბინების) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის საკითხი. განკარგულების პროექტი ეფუძნება ,,სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის“ რეკომენდაციას და ითვალისწინებს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 13 (ცამეტი) ერთეული უძრავი ქონების (საცხოვრებელი ბინების/ფართების) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემას, შემდგომში იქ მცხოვრებ ფიზიკურ პირებზე საკუთრებაში გადასაცემის მიზნით.
კომისიის წევრებმა განიხილეს „მუნიციპალიტეტის გარდაქმნის პორტფელის“ ფარგლებში გრანტის მიღებასა და ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის გაცემის საკითხი. განკარგულების პროექტი ითვალისწინებს ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ფარგლებში გამოცხადებულ „მუნიციპალიტეტის გარდაქმნის პორტფელის“ კონკურსში 200 000 (ორასი ათასი) ევრომდე მოპოვებული გრანტის მიღებასა და შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემას.
სხდომაზე განიხილეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების და პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი. პროექტით წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, იზრდება თანამდებობრივი სარგო საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონით განსაზღვრული თანამდებობისთვის დადგენილი მე-9 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად.
კომისიამ დღესვე, განიხილა ცვლილებების პროექტი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში, ასევე, – მერისთვის თანხმობის მიცემის საკითხი ბათუმში, ინასარიძის N1 და N3 საცხოვრებელ სახლებს შორის არსებული 38,0 კვ.მ არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, სარგებლობის ვადის განმავლობაში სარგებლობის უფლების მქონე პირის მიერ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სარგებლობის საფასურის სახით ყოველწლიურად განხორციელდება 3370,0 ლარის შეტანა.
სხდომაზე განიხილეს ცვლილებები, რომელთა შეტანაც იგეგმება მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოებსა და საშტატო ნუსხაში, ასევე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესში. დადგენილების ორივე პროექტით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გათვალისწინებულია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოებისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობის ზრდა.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 931
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები